"ვაუჩერულმა პრივატიზაციამ პოსტკომუნისტური სისტემა დააკონსერვა?"
ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ინტერვიუ ამ სათაურით, ოღონდ კითხვის ნიშნის გარეშე. ჯერ სათაურმა და შემდეგ კი ინტერვიუს იმ ნაწილმა გამაკვირვა, რამაც ეს სათაური გამოიწვია.
ინტერვიუს რესპოდენტია ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, ამჟამად ლორდთა პალატის წევრი, რობერტ სკიდელსკი. ინტერვიუ გამოქვეყნდა დასავლეთის პრესაში, მისი მთარგმნელი კი ჩემი მეგობარი, ჩვენში ისიც საკმაოდ ცნობილი ეკონომისტი და პუბლიცისტი, ამბროსი გრიშიკაშვილია. გარკვეული უხერხულობის მიუხედავად, თავი მაინც ვალდებულად ჩავთვალე ვამხილო რესპოდენტი ინტერვიუს ნაწილში დაშვებული უხეში შეცდომებისა და მნიშვნელოვანი თემისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო.
საუბარი მექნება ვრცელი ინტერვიუს იმ მცირე ფრაგმენტზე, სადაც ბატონი რობერტი ბრძანებს: `ეკონომისტები ხშირად გულისხმობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე ოპტიმალური პოლიტიკის გამტარებელი კომპეტენტური და ეფექტური ხელისუფლება ზრუნავს. რუსეთში ასეთი ხელისუფლება არ ყოფილა. 90-იან წლებში სწორედ წელში გატეხილი ხელისუფლება იქცა უმთავრეს პრობლემად. შეუძლებელი გახდა ფასების კონტროლი, რადგან ვაჭრობა სახელმწიფოს ხელიდან გამოვიდა. ამან კი `შოკური თერაპია~ გამოიწვია. ცხადია ეს პროცესი შეცდომების გარეშე როდი წარმართულა. ჩემი ღრმა რწმენით ერთ-ერთი ასეთი იყო ვაუჩერული პრივატიზაცია, რომლის უმთავრესი მიზანიც ხალხის კერძო საკუთრების უპირატესობაში დარწმუნება უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში კი მან იმის საშუალება შექმნა, რომ ყველაფერი ოლიგარქებს ჩაეგდოთ ხელში, რამაც პოსტკომუნისტური სისტემის დაკონსერვება გამოიწვია.~
ჯერ ერთი, ამ ფრაგმენტში გაუგებარია რა შუაშია სახელდობრ `ვაუჩერული~, როცა ზოგადად პრივატიზაციის მიზანზე აქვს საუბარი. თან ეს მომენტი ხაზს უსვამს ამ კონკრეტულ საკითხში ავტორის არაკომპეტენტურობას, რამეთუ კერძო საკუთრების უპირატესობაში მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება დარწმუნება, როცა სამეწარმეო სიმძლავრეები სრული ფასით აღდგება საფონდო ბაზარზე ანუ ე.წ. საფონდო ინდექსი სათანადო სიმაღლეს მიაღწევს. ეს კი მხოლოდ მას მერე მოხდება, როცა საფონდო ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან ქონების ჭარბი (და შესაბამისად ფასების დამგდები) მიწოდება შეწყდება. ამ დამოკიდებულების ნათელი, სამაგალითო დასტურია ცნობილი საფონდო ინდექსების მცირე ვარდნის დროსაც კი განვითარებულ დასავლეთში როგორ კატასტროფულად ეცემა შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეთა ეფექტიანობა. მოკლედ სახელმწიფო ქონების ფულზე გაყიდვის მაგიერ პრივატიზაციის გარდაუვალი პროცესის უპირატესად სწორედ ვაუჩერული გზით წარმართვა არის პოსტკომუნისტურ სივრცეში ეკონომიკური სტაბილიზაციის და აყვავების ერთ-ერთი ძლიერი წინაპირობა. მით უფრო, რომ ვაუჩერული სისტემა მოპოვებული უპირატესი მდგომარეობით უკანონოდ სარგებლობის შეუდარებლად ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს, ვიდრე ფულზე პრივატიზება. მოკლედ ამ ნაწილში, ზუსტად პირიქითაა ყველაფერი.
მეორე, გაუგებარია, რას ნიშნავს, რომ თითქოს ყველაფერი ოლიგარქებმა ჩაიგდო ხელში. როგორც ვიცით, ვაუჩერული პრივატიზაციის პროცესებამდე პერიოდში, სახელმწიფოებრივი და ფინანსური გავლენების სიძლიერით ყოფილი პოლიტბიუროს წევრები, მინისტრები, გენპროკურორები, გუბერნატორები და ძმანი მათნი გამოირჩეოდნენ და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა დღევანდელ ოლიგარქთა ჩამონათვალში მათ რატომღაც ვერ ვხედავთ. არც ბერეზოვსკის, არც ხადარკოვსკის, არც ჩვენი ივანიშვილის, პატარკაციშვილის ან თვით ბენდუქიძის შესახებ არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჯერ ოლიგარქები იყვნენ და შემდეგ ჩაიგდეს ხელში `ყველაფერი~. პირიქით, ისინი თავიდან უფრო ალბათ `დიდი საბჭოეთის საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები~ იყვნენ და მხოლოდ სწორი მიმართულებით, დიდწილად სწორედ ვაუჩერებში თანხების დაბანდების შედეგად გახდნენ მდიდრები და თუნდაც ოლიგარქები. სხვა საქმეა, თუ ცოტა `ზედმეტადაც~ კი მოუწიათ გამდიდრება და ბევრს არ ეპიტნავება მათი ასეთი მკვეთრი წარმატება. აქ არაფერია გასაკვირი. სახელმწიფო მრავალი წელი აგროვებდა ხალხის ქონებას საკუთარ ხელში, ახალმა რეალობამ კი ხალხის ქონების ხალხისვე ხელში გადაცემა დააკანონა. მაშინ, როცა თანაბარი შესაძლებლობების ახალ სივრცეში მილიონი კაცი პასიურობს, ხელიდან უშვებს თავისი წილი გამდიდრების კანონიერ შესაძლებლობას და ერთი კი, საპირისპიროდ, იყენებს კანონიერ ახალ შანსს, ელემენტარული ამბავია, რომ ყველა მათ მოსაგებს ის ერთი მოიგებს. გასაგებია ისიც, რომ წარმატებულ საქმოსანთა რამდენიმე თაობა სჭირდებოდა დასავლურ ოჯახებს, რომ ამ ე.წ. `ახალი რუსების~ მიერ მიღწეული გიგანტური ფინანსური მოგების მეათედი მოგებაც კი ენახათ და რა გასაკვირია, ეს არასწორად მიაჩნდეთ და შურდეთ კიდეც, მაგრამ ეს უკვე არა იმდენად ეკონომიკური ან თუნდაც იურიდიული, უფრო ვფიქრობ ფსიქოლოგიური მსჯელობის საგანია.
საერთოდ გაუგებარია რა იგულისხმება `პოსტკომუნისტური სისტემის დაკონსერვება~-ში ანუ თვით პუბლიკაციის სათაურში. არსებობდა კომუნისტური სისტემა, არსებობს კაპიტალისტური, მაგრამ პოსტკომუნისტური სისტემა რას ნიშნავს, სრულიად გაუგებარია. პოსტკომუნისტური უბრალოდ პერიოდი არსებობს და მუდმივად იარსებებს ყოველგვარი `დაკონსერვების~ გარეშე. თუ რესპოდენტს უნდოდა ეთქვა, რომ ეს პერიოდი, რომელიც სწორედ რომ სრული უსისტემობით და ქაოტურობით გამოირჩევა, უსაშველოდ გაჭიანურდა, მაშინ აქაც სწორედ რომ პირიქითაა ყველაფერი. ჩემი და არა მარტო ჩემი ღრმა რწმენით, პოსტკომუნისტური რეფორმების უშედეგობის მთავარი მიზეზი მის დაუმთავრებლობაშია. ამ რეფორმების უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, პრივატიზაცია, უფრო სრულად და სრულყოფილად უნდა წარმართულიყო, რაც თავის მხრივ შეუძლებელია, თუ ეს ქონება სწორედ რომ უფასოდ არ დაურიგდა მოსახლეობას. ამ გიგანტური ქონების ფულზე გაყიდვის ყველა მცდელობა უმოწყალოდ აუფასურებს საფონდო ბაზარს, ამცირებს საფონდო ინდექსს და ანადგურებს სამეწარმეო გარემოს. ფისკალური მიზნებიც კი, რომელიც თითქოს საპრივატიზებო ქონების ფულზე გაყიდვის ერთადერთი გამართლებაა, უმოწყალოდ ზარალდება სამეწარმეო აქტივობის არაეფექტიანობის გამო. ამასთან, ფულზე გაყიდვის შედეგად ძირითადი ქონების რეალური საბაზრო ფასების გარდაუვალი მკვეთრი დაცემა, ფაქტობრივად წყვეტს პრივატიზაციის პროცესს. პროცესი წყდება იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიტიკის შიშით შეუძლებელი ხდება საპრივატიზებო ქონების ფასების შესაბამისი შემცირება, საბაზრო ფასზე მაღალ ფასში კი ქონება, უსაზღვრო გაპიარება-რეკლამირებითაც კი, პრაქტიკულად ხშირად არ იყიდება.
მოკლედ, თუმცა გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს, ვაუჩერიზაცია მაინც ერთ უმთავრეს გამოსავალად, პრაქტიკულად, ჯერაც გამოუყენებელ შესაძლებლობად რჩება. ცუდია როცა ამ, შედარებით ყველაზე პატიოსანი ინსტრუმენტის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს ზოგი კეთილშობილი პიროვნებაც, სხვა თემებზე საუბრისას, ისე სასხვათაშორისოდ, გულუბრიყვილოდ აყვება ხოლმე. თუ დავაკვირდებით, რატომ ცდება ბატონი რობერტი, ამის ახსნასაც ამავე ფრაგმენტის დასაწყისში ვიპოვით. სჩანს ამ პატივცემულ პიროვნებას პრაქტიკულად არ უგემია `მემარცხენე მუშტის სიმწარე~. ერთი-ორი წელი მაინც რომ პირადად ეცხოვრა მუდმივი რიგებისა, სიცივისა და საკვების ტალონებით მიღების პირობებში, ცხადია მაშინ ნაკლები სიმპათიით იქნებოდა ვაჭრობისა და ფასების სახელმწიფო კონტროლის მიმართ განწყობილი. უფრო ნათლად ეცოდინებოდა, რომ არა მარტო ეკონომიკური, სოციალური სამართლიანობის და უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც კი, ფასნამატის შესაბამისი მოგებიდან ბიუჯეტში მიღებული თანხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასეთ მოგებათა ხელოვნური შეზღუდვა.
აი თუნდაც, ჩვენი ქვეყნის წამყვან, დღევანდელ პოლიტიკურ ხელისუფლებას, ვეჭვობ ეს ყველაფერი ღრმად გააზრებული ჰქონდეს, მაგრამ, როგორც სჩანს, პროდასავლური ღირებულებების საფუძვლებს ოპონენტებზე უკეთ შეიგრძნობენ და შესაბამისად, უფრო ალბათ ინტუიციურად, ამ საკითხებში ძირითადწილად სწორად მოქმედებენ. ამიტომაც, მიუხედავად ბევრი შეცდომისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მკვეთრი გაღიზიანებისა, მაინც მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ.
დასავლური პრესა, რომელმაც ხსენებული ინტერვიუ გამოაქვეყნა, თავისი დემოკრატიულობით ცნობილია, მაგრამ ასეთი მცდარი პოზიციების ტირაჟირება, თუ უპასუხოდ დარჩა, კიდევ უფრო აბნევს საზოგადოებას და ხელისუფლების იმ ჯანსაღ ნაწილს, რომელთაც ხალხის და ქვეყნის კეთილდღეობა საკუთარ კეთილდღეობაზე არანაკლებ ანაღვლებთ.
კიდევ კარგი, იმ პერიოდში რუსეთს და საერთოდ პოსტკომუნისტურ სივრცეს სერიოზული კონსულტანტებიც ყავდა მაგალითად საქსის, სამუელსონის თუ თვით მილტონ ფრიდმენის სახით, მაგრამ სხვა საქმეა, რომ ბევრი მათი რჩევაც ბოლომდე გაუაზრებელი და გამოუყენებელი დარჩა, შედეგად კი არა მარტო რუსეთის, მთელი პოსტკომუნისტური სივრცის სახით სამწუხაროდ გვაქვს ის, რაც გვაქვს.
ვანო ჩხაიძე 17 სექტემბერი 2007 წელი





