Friday, Sep 10th

Last update07:54:58 AM GMT

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
You are here::

ვიღუპებით თუ ვშენდებით

E-mail Print PDF
There are no translations available.

ვიღუპებით თუ ვშენდებით


გულს შეგიწუხებს რუსეთის წყრომისაგან შეშინებული ზოგიერთი ექსპერტის მოთქმა-გოდება ჩვენი ეკონომიკის გარდაუვალი დასამარების შესახებ.
მე რომ მკითხოთ, დიდწილად სწორედ რომ პირიქითაა საქმე და მოგახსენებთ რატომაც.
ჯერ გავაანალიზოთ რამდენად საშიშია ყველაზე დიდი `ბუა~ ანუ ფასების მოსალოდნელი ზრდა აუცილებელ საქონელზე და მომსახურებაზე, პურზე თუ ენერგოპროდუქტებზე.
უპირველეს ყოვლისა აღვნიშნოთ რამდენიმე ძირითადი მომენტი.
ერთი ის, რომ მოსახლეობის ჯამური გადახდის უნარი დაბალანსებულია და ყოველთვის დაბალანსებული იქნება ჯამურ მოხმარებასთან. თუ რაიმე მიზეზით რომელიმე პროდუქტის ფასი გაიზრდება, ეს გამოიწვევს სხვა, ნაკლებად აუცილებელ პროდუქტების მიმართ მოსახლეობის გადახდის უნარის შემცირებას და ამ კატეგორიის საქონელზე ფასების კლებას. მარტივად თუ ვიტყვით, როცა ადამიანი თავისი ფულის ძირითად ნაწილს დახარჯავს პურზე, არ დაიღუპება, მას ძველთან შედარებით ნაკლები თანხა დარჩება `დასაყოლებლებისათვის~, ფეხსაცმლის თუ ტექნიკის შესაძენად, რესტორანში ან საუნაში სახარჯად, ტელეფონზე საუბრებისათვის. ეროვნული ვალუტაში ამ უკანასკნელთა ფასების დაიკლებს, რაც უზრუნველყოფს სხვა ვალუტაში გაცვლის უკეთეს კურსს.
ნუ იჩქარებთ აღშფოთებას, ისედაც `ხმელა პურზეა~ ხალხი, შიმშილით დაიხოცებიანო. ჯერ წყნარად გავაანალიზოთ ჩემი ოპტიმიზმის სხვა საფუძვლებიც.
მეორე, – რა კავშირშია განვითარებულ მსოფლიოში ფასები და ხელფასები. ჩვენ გვეუბნებიან ჯერ ხელფასები უნდა გვქონდეს მაღალი, რომ შევძლოთ აუცილებელ საქონელსა და მომსახურებაზე ფაქტობრივად ყოველდღე მაღალი ფასის გადახდა. იმაზე არ დავფიქრებულვართ, რომ, `კვერცხი და ქათამის~ არ იყოს, სწორედ ეს მაღალი ფასები უზრუნველყოფს ხელფასების მატებას. სწრაფი ბრუნვა, მეტი ხელფასებია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ფულიც ჯამში დაიხარჯება, იგივე ბრუნდება ბრუნვაში, თუ არა და გათავდებოდა და ვეღარც დაიხარჯებოდა, ფულის ბრუნვაში დაბრუნება კი ხელფასებით ხდება. ინგლისში როცა ძვირია მაგალითად მეტროთი მგზავრობა ან მწეველისათვის ყოველდღე აუცილებელი სიგარეტი, იქ ბატონო ხელფასებიც დიდიაო ვამბობთ, იმას კი აღარ ვუფიქრდებით რომ თავის მხრივ სწორედ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე მაღალი ხარჯები ანუ გასავლები უზრუნველყოფენ მაღალ ხელფასებს ანუ შემოსავლებს.
ალბათ გვახსოვს მარქსისტული პოსტულატი, რომ სოციალიზმი მხოლოდ მთელს მსოფლიოში შეიძლება წარმატებით განხორციელდეს და არა ცალკეულ ქვეყნებში. გვახსოვს ისიც, თუ სტალინი რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რკინის ფარდას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაოდენ დაუშვებელი იყო თავისუფალი ვაჭრობა `საზღვრებს გარეშე~. შემდგომმა რეალობამ ნათლად აჩვენა, როგორც კი ფარდაახდილ საზღვრის იქეთ-აქეთ აღმოჩნდნენ ფასთა განსხვავებული სტრუქტურის მქონე ქვეყნები, სოციალურად მეტად დაცული ფასთა სტრუქტურის მქონე ქვეყნების მთელი ქონება უცებ გადაფრინდა სოციალურად უფრო დაძაბულ, მეტად საბაზრო ფასთა სტრუქტურის მქონე ქვეყნებში. ჩვენს თვალწინ თურქეთი ჩალის ფასად გაივსო ჩვენი საზღვრიდან გადადინებული იმ პროდუქციით, რომელთა წარმოება მათთვის დღესაც მიუწვდომელია. აი ნათელი მაგალითი იმისა, რა შედეგს გვაძლევდა დაბმული ფასები და რა პროცესებისგან დაგვიცვა ფასების თუნდაც არასრულმა ლიბერალიზაციამ.
ისე მეჩვენება, ეს ერთგვარი გასაიდუმლებული ეკონომიკური ეშმაკობაა განვითარებული საბაზრო ქვეყნების უმთავრესი ფინანსისტების მხრიდან და ამიტომაც ცდილობენ არ დაუშვან იოლი და უშრომელი ამ ლუკმის სხვისთვის გაყოფა.
ცალკე თემაა ე.წ. `სასურსათო კალათის~ კომუნისტური ლოგიკა. ოპონენტი იტყვის, პურში დახარჯული მეტი ფული ხელფასადაც პურის მწარმოებელს მიუვა და არა მეო. პურში არ დახარჯული და დაზოგილი ფული ადრე რომ ტელევიზორის ყიდვაში ეხარჯებოდა, ანუ პირადად მას არც მაშინ უბრუნდებოდა, ამას აღარ ფიქრობს. სწრაფი ბრუნვა სწრაფი ანარიცხებია ბიუჯეტშიც და სოციალურ პროგრამებშიც.
რომ არა რუსეთის ამხელა პანჩური, ვერც ერთი ხელისუფლება, რომც მიმხვდარიყო სარგებლიანობას, პოლიტიკური ოპონირების შიშით ვერ გაბედავდა ფასთა სტრუქტურის ეკონომიკურად მომგებიანი და სასურველი რეფორმებისაკენ ამდენად გაბედული ნაბიჯების გადადგმას, ამის პროვოცირებას ან თუნდაც ფარულ ხელშეწყობას.
რაც შეეხება რუსეთის ბაზრის სანაცვლო ალტერნატიული დასაქმების პრობლემას, აქაც მუშაობს რუსული ანდაზა: `ნეტ ხუდა ბეზ დობრა~. მოსალოდნელია, რომ ერთგან დასაქმებული პროფესიონალების დიდი ნაწილი, საჭირო შემთხვევაში, ძველი გამოცდილებისა და კონტაქტების გამოყენებით, სხვაგან იპოვნის შესაძლოა უკეთეს დასაქმებასაც და ამით ყველაზე უფრო მხოლოდ `ძველი~ ქვეყნის ბიუჯეტი დაზარალდება.
მოკლედ, თანამემამულენო ნუ შეშინდებით! ჩვენი ეკონომიკური დასუსტების მტრული მცდელობები პირიქით გაგვაძლიერებს!

ვანო ჩხაიძე ნოემბერი 2006 წელი 

© 2009 Designed by T.J