Friday, Sep 10th

Last update07:54:58 AM GMT

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
You are here::

წინასამშობიარო ტკივილები ეკონომიკაში

E-mail Print PDF
There are no translations available.

წინასამშობიარო ტკივილები ეკონომიკაში


მთელი პოსტკომუნისტური სამყარო, აგერ უკვე მეორე ათწლეულია, წინასამშობიარო ტკივილებშია. ერთ ქვეყანაშიც კი ვერ იქნა და ვერ დასრულდა გარდაქმნები. პოსტკომუნისტურ ნიადაგზე ვერაფრით დაიბადა ცივილიზებულ მსოფლიოში კარგად აპრობირებული საბაზრო ეკონომიკის სტანდარტების კაპიტალისტური ქვეყანა. ცოდოა მშობიარე, ძალიან გაგვეწელა პროცესი. არჩეული `პატრონები~ და მათი რჩეული დოსტაქრები კი დამხმარეს არ იკარებენ. არა თუ საკეისრო კვეთა, დამაჩქარებლებიც არ კეთდება. 
როგორც სჩანს ხელისუფალთა მხრიდან ძნელად დასათმობია კომუნისტური წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული უსაზღვრო უფლებები. მსოფლიო მედიაში ხშირად დაჟინებით აპიარებენ რეფორმების გზაზე ამათუიმ ქვეყნის წარმატებულ სვლას, რათა სხვა, ნაკლებად აქტიურ ქვეყნებს გაუცოცხლონ წინსვლის სურვილი, მაგრამ ქება, სამწუხაროდ, ყოველთვის გადაჭარბებულია ხოლმე. აი ჩვენს სინამდვილეშიც სერიოზული ახალი წარმატებები სახეზეა, თუმცა გადაჭარბებული შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვისაც რეალობასთან უშუალო და დაუცველი შეხება აქვთ, ხშირად აღიზიანებთ.
საწარმოო სიმძლავრეები როცა თვითმართვად და თვითრეგულირებად რეჟიმში, მიუკერძოებელი საბაზრო კანონებით კი არა, ცენტრიდან იმართება, როცა სამოქალაქო საზოგადოება ვერ ყალიბდება ადგილობრივი, პატრიოტი, შინაგანად თავისუფალი და ძლიერი კერძო მესაკუთრეებისაგან, შეუძლებელია რეალურ დემოკრატიაზე და სამართალზე, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთპასუხისმგებლობის გათანაბრებაზე ფიქრი. ასეთ ძირითად ფონზე დარღვევები და მათი აღკვეთის აუცილებლობა ორივე მხრიდან მართლაც ყველა შესაძლო ზღვარს სცდება. პერმანენტულად და იმპულსურად, ჯერ ხალხის ჯამური ნება სჯის ძველ ხელისუფლებას, შემდეგ კი არც ახალი ხელისუფლება რჩება ვალში, სჯის `დამრღვევი ხალხის~ დიდ მასას, სიყვარულის ნაცვლად ამკვიდრებს სახელმწიფოსადმი შიშის სინდრომს. ძირითადი ფონი თუ რადიკალურად არ შეიცვალა, წრე იკვრება, ყველაფერი თავიდან იწყება და როგორც წესი, ადრე თუ გვიან, უფრო მახინჯ, დაუნდობელ ფორმებს იძენს.
ვერ ყალიბდება ქვეყნისათვის სასიკეთო პრიორიტეტების შეწონილი რიგითობა. მხოლოდ ის გამოიკვეთა, რომ ეკონომიკაა მთავარი. ნებისმიერი კეთილი და მთავარი მიზნის მიღწევა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლის, ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია.
თვით ეკონომიკაში კი, ნებისმიერ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ნამდვილი ვაკხანალია იყო და ჯერაც არ სჩანს სასურველი წესრიგი. საქართველოში მთელი რევოლუცია დასჭირდა იმას, რომ გარდაქმნის საქმეში ბოლო პერიოდის სრული უძრაობა დაძლეულიყო, თუმცა პოლიტიკური ნება და კეთილი სურვილები სათანადო რანგის პროფესიონალური ეკონომიკური მხარდაჭერით ვერ იქნა უზრუნველყოფილი. ეკონომიკური პრობლემები არათუ შინაური, უცხოელი ექსპერტების მხრიდანაც კი მეტად გამარტივებულად იქნა აღქმული, მათი დაძლევის გზები კი სასურველზე უფრო ზერელედ, არასრულყოფილად იქნა შემუშავებული.
მიუხედავად ყველაფრისა, შედარებით პროგრესული პოლიტიკური ნების და რა თქმა უნდა თვით ხელისუფლების პროფესიონალთა ბირთვის დიდი ძალისხმევით, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკაში დასმული ამოცანები და მიზნად დასახულ ორიენტირთა დიდი უმეტესობა სწორია. საქმე უკვე მათი პრაქტიკულად განხორციელების პატიოსნებასა და პროფესიონალიზმშია. პატიოსნება სწორედ არაპოპულარული ღონისძიებების განხორციელების დროსაა ყველაზე უფრო ღირებული და აუცილებელი.
პოსტრევოლუციურ საქართველოში თითქოს თავიდან იწყება დიდი ხნით მივიწყებული ე.წ. `ვაშინგტონის კონსენსუსის~ განხორციელება. ეკონომიკაში ახალი ენერგიით ხდება სამი უმთავრესი მაკროეკონომიკური ამოცანის _ ლიბერალიზაციის, სტაბილიზაციის და პრივატიზაციის დღის წესრიგში წარმოჩენა.
ძველსა და ახალს შორის წყალგამყოფი, თითოეული ამ უდიდესი პროცესის პრაქტიკულად განხორციელების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული უახლოეს ისტორიულ მომავალში შექმნილ ახალ იერარქიაში რომელი პოსტკომუნისტური ქვეყანა რა ადგილს დაიკავებს თავისი ეკონომიკური სიძლიერით.
საქართველომ უნდა შეძლოს თითოეულ ამ საკითხში ღირსეული ავტორისეული სიტყვის თქმა. ამ სამთაგან თითოეული პროცესი დეტალურად, არა მხოლოდ პროცესების სრულყოფილად და უკეთ წამართვისთვის საჭირო სამართლიანი კანონების, არამედ ამ კანონების პრაქტიკული რეალიზაციის ყველა დეტალის ბოლომდე გააზრების, რეალობასთან ადაპტირების და აპრობირების, ყველა ნიუანსის ინსტრუქციებში გაწერით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. კარგი საათის მექანიზმის შექმნისას სულ მცირე ჭანჭიკიც მნიშვნელოვანია.

ვანო ჩხაიძე, აპრილი, 2007 

© 2009 Designed by T.J