გვაკლია მაკროეკონომიკური ედვა
ყველაზე გულრწფელი და გონივრული პოლიტიკაც კი კონკრეტული, დეტალურად გააზრებული ეკონომიკური პროგრამის გარეშე არაფერს მოიტანს.
უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ლაქლაქის დრო, ეკონომიკა ანუ შედეგიანი საქმეა მთავარი.
ყველა, ”ბომჟებით” დაწყებული და ოლიგარქებით თუ თვით უმაღლესი ჩინოვნიკებით დამთავრებული, არავინ უარყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკას სისტემური დახმარება სჭირდება. ამ მიმართულებით ყველას თავისი ხედვა აქვს. არცაა გასაკვირი, ყველას საკუთარ გამოცდილებასთან აქვს საკუთარი აზრი შეჯერებული.
საგაზეთო სვეტში ასეთ რთულ თემაზე საუბარს ნაკლები აზრი აქვს, მაგრამ არც თემის მუდმივი წაყრუებაა მოსაწონი.
საკმაოდაა ცნობილი ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა მოსაზრება და სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკური ძალების მხრიდან არცერთი მათგანი არ არის ბოლომდე შესწავლილი, გააზრებული, მოწონებული ან უარყოფილი.
მხოლოდ პოპულარულ დონეზე ხდება ამ ურთულეს პრობლემასთან შეხება, ზოგ შემთხვევაში, თვით ავტორთა მხრიდანაც კი.
დიდი ხანია დროა საზოგადოების ყურადღება ლამაზი და გულზე მოსაფონი სიტყვებიდან პრაგმატულ, ზუსტ, ბოლომდე გააზრებულ, წამალივით ძნელად მისაღებ, მაგრამ აუცილებლად საჭირო ეკონომიკური აზრისაკენ გადავიტანოთ.
ყველა წესიერი ადამიანი, ქვეყნის მართვას კი არა, უბრალო საქმესაც არ კიდებს ხელს, თუ დეტალურად არ აქვს გააზრებული, რა როგორ უნდა გააკეთოს. კარგად შეძლებს თუ არა ამას. ის, რომ ხშირად მთლად სულელები მართავდნენ ამა თუ იმ დიდ საქმეს, ქვეყანა შეჭამა ინტრიგებმა, შურმა, სიხარბემ, კორუფციამ და ყველა პატრიოტი ადამიანი ვალდებული გახდა გამოეფერთხა ეს ნაგავი თუ ქვეყნიდან არა, ხელისუფლებიდან მაინც, არ უნდა ჩაითვალოს საკმარისად.
თუ წინასწარ არ დაიდო ხოლმე ისეთი ეკონომიკური პროგრამა, რომლითაც გარანტირებულად იქნება უზრუნველყოფილი, აუცილებლად განსახორციელებელი, მთელი რიგი კეთილი სურვილების დაფინანსება, არაფერი გამოვა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე გვიანაა. აუწყობელ ქვეყანაში ნებისმიერ ჯანსაღ ძალას ყოველდღიურობის მძლავრი დინება იტაცებს და მაქსიმუმი, რისი მიღწევაც მას შეუძლია, პირველი წარმატებების შემდეგ ქვეყანას უარეს წუმპეში არ ამოაყოფინოს თავი.
ნებისმიერ, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ ძალას საკუთარი ან რაიმე სხვა კონკრეტული მაკროეკონომიკური პროგრამა აუცილებლად უნდა ჰქონდეს დეტალურად, პერიოდულად განახლებულ გარემოში ჩვენს რეალობასთან შეჯერებით ბოლომდე გააზრებული და დეკლარირებული.
მხოლოდ ურთიერთ ოპონირების გზით, ძირითადი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ურთიერთ შეჯერებით შეიძლება საუკეთესომდე მისვლა. ამ უმთავრეს საკითხში დაუშვებელია რთული და ერთი შეხედვით გადაუწყვეტელი პრობლემების მიფუჩეჩება, სანაცვლოდ ფუყე მიდგომების გაპიარება და ვიწრო პოლიტიკური, პარტიული შურით სხვისი კარგის `ვერ შემჩნევა~.
დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრში, არც პოზიციურ და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში, ამ საკითხში სათანადო სიბრძნე და თუ გნებავთ მინიმალური სიმწიფეც კი სამწუხაროდ არ შეიმჩნევა.
სულაც საზოგადოებრივი ან კერძო ტელევიზიებით, შესაბამისი პუბლიკაციების წარმოჩენით შეიძლება ამ თემების უფრო სერიოზულად, თუნდაც გასართობი სტილის თოქ-შოუებით წინა პლანზე წამოწევა, მაგრამ მაკროეკონომიკური რანგის პრობლემებით სერიოზულად არავინ ინტერესდება. მხოლოდ ზერელე, პოპულარულ დონეზე ხდება შიდა თუ საერთაშორისო ეკონომიკურ რეალობათა ქართულად გადამღერება.
საზოგადოებას მეტი არა მარტო ინფორმირება, განათლებაც სჭირდება. გაბედულად უნდა დაინგრეს დღეს საფუძველ გამოცლილი ყველა მცდარი ძველი სტერეოტიპი, მაგრამ ისე ფაქიზად, რომ ამით პირიქით, ახალს არ მიადგეს ჩრდილი. სახელმწიფოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში საზოგადოება სასიკეთოდ და ძლიერად მხოლოდ მაშინ ჩაერთვება, როცა უმეტესობას უფრო ნათლად, უფრო მკაფიოდ ექნება გააზრებული ხელისუფლება რას და რისთვის აკეთებს დღეს და რას აპირებს ხვალ.
ვანო ჩხაიძე აპრილი, 2007 წელი





