Friday, Sep 10th

Last update07:54:58 AM GMT

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
You are here::

წუხელ სიზმარში

E-mail Print PDF
There are no translations available.

წუხელ სიზმარში ბენდუქიძე ვიყავი . . . და პირიქით


ტელევიზიები გვართობს , განსაკუთრებით შუაღამის პირზე , კვიმატი ენა გვაქვს ქართველებს , მე კი ჩამეძინა . 

. . . რა ამბავია , რა ხდება , ჟურნალისტებს , მთავრობას , ექსპერტებს და უბრალო ხალხს , ყველას აინტერესებს ჩემი , ანუ , საქართველოს ხელიდან წასული ეკონომიკის იმედად მოვლენილი სოლიდური ფიგურის , ახალი მინისტრის , ბატონი კახა ბენდუქიძის აზრი .

ერთი ეგაა , ყველაფერზე მელაპარაკებიან , ეკონომიკის გარდა .

აი ახლაც , პრესკონფერენცია იწყება , მუშაობას არ გაცლიან კაცს .

ჟურნ . I : - ბატონო კახა , თქვენ ბრძანეთ , რომ კმარა მათხოვრობა ! საჭიროა პრივატიზაციის დასრულება ! უნდა გაიყიდოს ყველაფერი ნამუსის გარდა !

ხელგაწვდილი ყოფნა მართლაც არავის სიამოვნებს , მაგრამ პრივატიზაციის თემა დაძაბულობას იწვევს . როგორ შეიძლება დარჩენილი სახელმწიფო ქონების ერთი ხელის მოსმით გაპრივატიზება . ნუთუ არ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესები ?

მე ( ანუ კ . ბ .) – ვამბობთ , მათხოვრობა არ მოგვწონსო , მაგრამ ცოტამ იცის , რომ დღეს ერთადერთი შველა ოდესღაც დაწყებული რეფორმების უმთავრესი ნაწილის , პრივატიზაციის პროცესის დასრულებაშია . ეს ორი საქმე ერთმანეთის გარეშე არ გამოვა .

ბოდიშს მოვიხდი , რომ ამას წინათ ნაბიჭვრობა ვახსენე . არა ბატონო , ჩვენს ხალხში ჩანერგილი აზრები სხვისი კი არა , მშობლიური იდეოლოგიური წნეხის პროდუქტია . ძალიან დიდხანს გვიჩიჩინებდნენ , რომ სახელმწიფო საკუთრება , ჩვენი საკუთრებაა , კერძო კი სხვისია .

ერთი ვერ გამიგია მხოლოდ , რატომ ვთვლით სახელმწიფო ქარხანას უფრო ჩვენად , როცა მას ჩვენს მიერ დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები ხშირად პირადი , უწყებრივი ან პარტიული ინტერესით მართავენ და ნაკლებად ჩვენად , ლამის დაკარგულად მივიჩნევთ , თუ ის კერძო პირების საკუთრებაა და მას საკუთარი მოგების მიღებით დაინტერესებული კერძო პირები , მკაცრი , მაგრამ სამართლიანი საბაზრო კანონების ქვეშ , უშუალოდ ვმართავთ .

ჟურნ . IV: - ბატონო კახა , ნუთუ განსხვავებას ვერ ხედავთ ?

მე ( ანუ კ . ბ .) – ვხედავ , სახელმწიფო საწარმოს მმართველ სახელმწიფო მენეჯერს სახელმწიფოს სახელით მისული შემმოწმებელი 10 ლარის დამალვას 1 ლარად აპატიებს , კერძო შემთხვევაში კი მესაკუთრე , მენეჯერს , 10- ის დამალვას 100- ად აზღვევინებს .

ამიტომაც კერძო საწარმო , თუ ის ბევრი აქცონერისაა , რომლებიც ერთმანეთს და საწარმოს აკონტროლებენ , უფრო გამჭვრვალეა , მეტს გვიხდის ბიუჯეტშიც . ძნელია ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით დამალო რეალური შემოსავლები , არ დაარიცხო რეალური ხელფასები , თუ საწარმო ერთი პირის , ან კლანის , ან ერთპიროვნულად და კლანურად მართული სახელმწიფოს საკუთრება არაა .

რა სტრატეგიულ დანიშნულებებზეა ლაპარაკი . ვინ თქვა , რომ თანამედროვე კორპორაციული მართვის საწყისებგამოცლილი , სახელმწიფო კორუფციის ჯუნგლებში შეგდებული ან , ვთქვათ , ჯანდაცვის სისტემა , ან თუნდაც იგივე რკინიგზა ან პორტი , ტექნოლოგიურად დღითიდღე უფრო ჩამორჩენილი და განადგურებული , მეტად არგებს ქვეყანას , ვიდრე იგივე , კორპორაციულ , კერძო საწყისებზე , საბაზრო , თვითმართვადი და თვითრეგულირებადი მექანიზმებით , გამჭვირვალედ მართული .

ჟურნ . II : - ბატონო კახა , თქვენი პასუხები რთულია ( ძილში კი არა , სამეცნიერო კონფერენციაზე მგონია თავი ), მაგრამ , თქვენ წარმოიდგინეთ , მაინც გავიგე . ეკონომიკის ჩრდილიდან გამოყვანაც საჭიროა . აბა , თუ ეს ასეა , რა ან ვინ უშლის ხელს პრივატიზაციას ?

მე ( ანუ კ . ბ .) – რა აფერხებს და უმარტივესი მიზეზი , სანამ სახელმწიფო საწარმოში რაიმეს მოპარვა შეიძლება , სანამ საწყობში ეგულებათ თუნდაც მავთული , რომლის ბაზრობაზე გატანა და გაყიდვა შეიძლება , სანამ საწარმოს რამდენიმე ქურდის რჩენა შეუძლია , ასეთი ობიექტი ძნელია ხელიდან გააგდებინო გუბერნატორს , დარგის მინისტრს და ზოგადად ხელისუფლებას . ისეთ დასაბუთებას შექმნიან , ისეთ წიოკს ატეხენ , თანამშრომლებსაც ისე ერთხმად გაფიცავენ , თქვენი მოწონებული .

ეს სულაც არ ნიშნავს , რომ ყველა საკუთარი ჯიბისათვის იბრძვის , ზოგი შესაძლოა გულწრფელად ცდებოდეს და მიწოდებული მასალის საფუძველზე თვლიდეს , რომ იცავს რეგიონის , დარგის თუ სახელმწიფოს ინტერესებს .

გვეყოფა ბოლოსდაბოლოს ქვეყნის ძირითადი სიმძლავრეებით ქვეყნისა და ხალხის მაგივრად წურბელების კვება .

ჟურნ . V : - ბატონო კახა , ამ ლოგიკას თუ მივყვებით , ამდენი ობიექტის პრივატიზება როგორღა მოხერხდა ?

მე ( ანუ კ . ბ .) – აქაც ელემენტარული არითმეტიკაა . ასე მაგალითად , დახმარების საერთაშორისო პროგრამებით , პრივატიზაციის დასაჩქარებლად ვთქვათ გამოიყო 40 მილიონი სესხი ან გრანტი , საიდანაც 15- ს ჯიბეში ჩადება მარტივი საქმეა , საწარმოებიდან კი მხოლოდ 5-7 მილიონის მოპარვა შეიძლება . ასეთ დროს აღარავინ ხმაურობს და იფიცება , კი ბატონო , თანხმდება ხელისუფლება ობიექტების ახალი წყების პრივატიზებაზე .

დროა გავიგოთ , სულაც რომ გავწყვიტოთ წურბელები , სიმძლავრეების სახელმწიფო მართვა შეუძლებელია . უკვე წლები გავიდა რაც ჩვენვე დავშალეთ მთელი სისტემა , რითაც ცენტრიდან მართვა ასე თუ ისე , კიდევ შეიძლებოდა . რაღას ვეპოტინებით , მოსაპარიც თითქმის აღარაფერია , უმარტივეს დასკვნამდე რომ მივიდეთ ბოლომდე უნდა გავნადგურდეთ ?!

ამ ეტაპზე ვფიქრობ მართლაც უნდა გაიყიდოს ყველაფერი ნამუსის გარდა !

ჟურნ . I : - ბატონო კახა , არ შიშობთ , რომ სხვები შეიძენენ ?

მე ( ანუ კ . ბ .) – რას ნიშნავს სხვები ? ჩვენ ტვირთი და სახრე გვაქვს , ვირი საიდანაც უნდა , იქედან მოვიდეს . საქმეც ისაა , არავინ ჩვენს ტვირთს ჩვენს მაგივრად არ ზიდავს . აი დღესაც , ბევრს ვიცნობთ მსოფლიოში , რომ გაუფასურებული ქართული სიმძლავრეების დიდ ნაწილს ისე შეიძენდა , ხარჯს ვერც კი იგრძნობდა , მაგრამ ყიდულობენ ?

ნამდვილად უცხოელი ინვესტორის შემოსვლის სულ რამდენიმე , თითებზე ჩამოსათვლელ მცდელობას ჰქონდა ადგილი , მაგრამ ჩვენი სახრე გამოდგა მწარე , ტყავთან ერთად ხორციც ააგლიჯა .

საინტერესოა თუნდაც თელასის თემა , ამერიკული მხრიდან გაიჟღერა , რომ ჩვენთან უვარგისი საინვესტიციო გარემოა . ეს ბევრად უფრო ტევადი განაცხადია , ვიდრე ადგილობრივი ანალიტიკოსები აღიქვამენ . აქ მარტო გადასახადები , კრიმინალი ან სხვა ამგვარი ზედაპირული საკითხები არ იგულისხმება .

როცა გარემო მოწესრიგდება და ჩვენც სიმძლავრეების სახელმწიფო მართვის უნარ - ჩვევებს შევიძენთ , მერე კი ბატონო , უკან გამოსყიდვა , რეპრივატიზაციაც არაა ძნელი .

ჟურნ . IV: - ბატონო კახა , ხომ არ მიგაჩნიათ , რომ ხელისუფლების დათანხმება მაინც გაჭირდება , ის სახიფათოდ მარცხნივაა გადახრილი ?

მე ( ანუ კ . ბ .) – არსებობს ერთგვარი გართობა თამაშთა თეორიიდან . რაიმე საკითხზე ვინც დადებითი აზრისაა , თხოვენ მათ , მოამზადონ დასაბუთებული მტკიცება იმისა , რომ მათი პოზიცია უარყოფითია , ანუ დაამტკიცონ თავიანთი რეალური პოზიციის საწინააღმდეგო პოზიცია , რაც შეიძლება მეტი არგუმენტებით . იგივეს , ანუ სარკისებურად პირიქით , თხოვენ უარყოფითი პოზიციის მქონეთ .

რამდენიმე ეტაპის შემდეგ , საბოლოოდ ვღებულობთ სურათს , რომ თავიდან დადებითი პოზიციის მატარებლები , უარყოფითი პოზიციის მატარებლები ხდებიან , ადრე უარყოფითი პოზიციის მატარებლები კი პირიქით , დადებითის .

ჩვენ ახლო წარსულში გვახსოვს , რომ მიხეილ სააკაშვილი მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე პოზიციის მატარებელი იყო . საზოგადოების დიდი ნაწილის დუხჭირი ყოფისა და ყოფილი , უმძლავრესი იდეოლოგიური წნეხის შედეგად , ისეთი სურათი იხატებოდა , რომ ელექტორატის სიმპათიებს მემარცხენე ძალები იოლად იხვეჭდნენ . რეალური იყო საფრთხე , რომ ლოზუნგებით მოტყუებული საზოგადოება , წესიერი არჩევნების პირობებში , ცუდ ძალებს გაყვებოდა .

როგორც ჩანს , ჩვენთვის მეტად სასიკეთო და დროული ანალიზით , ამ საფრთხის გასანეიტრალებლად , აუცილებლად ჩაითვალა , მყარი დასავლური განათლების მქონე პოლიტიკოსთა შორის შერჩეულიყო უკეთესი ფიგურა , რომელიც მემარცხენეთა ლოზუნგებით მოახერხებდა გარდაქმნებით გულგატეხილი და დაბნეული ელექტორატის სიმპათიების მიმხრობას და ხელახლა გაწითლების აშკარა საფრთხეს ააცილებდა ქვეყანას .

ამ როლში წარმოგვიდგა გულრწფელი , ახოვანი ახალგაზრდა კაცი , ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი , რომელმაც მიიღო კიდეც ხალხის ერთსულოვანი მხარდაჭერა . ტყუილად კიოდნენ დესტრუქციული ძალები , მათ სუფთად წააგეს .

ამჯერად საფრთხე ისაა , ამდენ ლოზუნგებში მართლა მემარცხენე ხომ არ გახდა ჩვენი პრეზიდენტი . თუ ასეა , ამ ნათქვამმა « იავნანამ რა ქმნა »- ს როლი უნდა ითამაშოს , მშობლიური მარჯვენა ძირი უნდა გაუცოცხლოს პრეზიდენტს , თორემ დაიღუპება ქვეყანა .

* * *

ერთი მხოლოდ III ჟურნალისტი იყო ჩუმად , მიყურებდა და ეღიმებოდა . შემაწუხა ამ უხმო მზერამ , შევიშმუშნე და ძილში როგორც სჩანს გვერდი ვიცვალე .

აღმოჩნდა , იგივე პრესკონფერენციაზე ვარ , ოღონდ ახლა მე ვარ სწორედ ის III ჟურნალისტი , ბატონ კახას კი ჩემს გარდა , კითხვებს აღარავინ უსვამს :



* * *

მე ( ანუ ჟურნ . III) _ ბატონო კახა , გისმენთ და გამიჩნდა იმედი , რომ თქვენი დახმარებით დაგვადგება საშველი , სულ მინიმუმ , ქართული ეკონომიკური აზროვნება იმპულსურ - ეიფორიული ბელეტრისტიკიდან , მკაცრი რეალიზმის შესატყვის , პრაგმატულ რელსებზე გადავა .

დღეს , ჩვენი აზრით , ისეთ საკითხებზე გედავებიან , რაშიც სადაო წესით არაფერია , იმ საკითხებზე კი , რაც ალბათ მართლა მთავარი და საინტერესოა , არავინ ინტერესდება . თქვენის ნებართვით ეს ხარვეზი მინდა შევავსო .

კ . ბ . _ ბრძანეთ ბატონო !

მე ( ანუ ჟურნ . III) _ ბატონო კახა , თქვენ ბრძანეთ , რომ ყველაფერი სწორ ფასში გაიყიდება . გთხოვთ უფრო გაშლილად განმარტოთ , რას ნიშნავს სწორი ფასი და იქნება თუ არა ეს ფასი საკმარისად მაღალი და სამართლიანი ?

კ . ბ . _ დიახ , პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე . ყველაფერი გაიყიდება ღიად და საჯაროდ , აუქციონის წესით . გაიმარჯვებს ის , ვინც მეტს გადაიხდის . ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ გავავრცელებთ მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში . ინდივიდუალურადაც შევატყობინებთ ქვეყნისათვის სასურველ , ყველაზე ცნობილ წრეებს .

შედეგად ნებისმიერ საპრივატიზებო ქონებაზე მივიღებთ სწორ , აუქციონის მიერ დადგენილ ფასს , რაც იმას ნიშნავს , რომ ეს ფასი მაღალიც იქნება . კარგად ჩატარებულ აუქციონზე , დაბალ ნიშნულზე ფასი ვერ გაჩერდება , თუ მეტ ფასად ამ ქონების ყიდვა სასურველია , მყიდველიც აუცილებლად გამოჩნდება .

რამდენად მაღალი იქნება ფასები , ამას შედეგი გვიჩვენებს .

მე ( ანუ ჟურნ . III) _ ბატონო კახა , ნება მომეცით ( სიზმარში ვართ მაინც ) ცოტა ჭარბად მომეჩვენოს ასეთი ოპტიმიზმი . ვფიქრობ , მასობრივი პრივატიზაციის განახლება მკვეთრად გაზრდის საფონდო ბაზარზე ქონების მიწოდებას , შესაბამისად , მოთხოვნა - მიწოდების უნივერსალური კანონებით , ეს მკვეთრად გააუფასურებს ისედაც გაუფასურებულ ძირითად ქონებას , შენობა - ნაგებობებს , მიწებს , არსებულ კომუნიკაციებს და ა . შ . ვშიშობ , ბოლომდე რომც მიგვიშვან ამ პროცესში , როცა ჩაის ფაბრიკა კარგ რესტორანში ჭიქა ჩაიზე იაფი გახდება , თქვენვე შეშინდებით და შეაჩერებთ პროცესს . ამის გამოცდილება ჩვენც და ყველა სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანას გააჩნია . ხომ ხედავთ , ჩვენმა ექსპერტებმაც კი აღმოაჩინეს ეს საშიშროება . თქვენ არ შიშობთ , რომ ამჯერადაც იგივე , არასასურველ შედეგს მივიღებთ ?

კ . ბ . _ ეს ჩემთვის ასე მუქ ფერებში არა , მაგრამ ცნობილია . ფასი თუნდაც ვერ იქნეს სასურველად მაღალი , ე . წ . « სამართლიანი », ეკონომიკისათვის შეუდარებლად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს რეფორმის უმთავრესი ნაწილის , პრივატიზაციის პროცესის დასრულებას .

დაუშვებელია მნიშვნელოვანი სიმძლავრეების გრძელვადიან მართვაში და იჯარებით გაცემის მახინჯი პრაქტიკის გაგრძელება . ასეთი პრაქტიკა ქვეყნის განვითარებას , ტექნოლოგიურ განახლებას კი არა , ჩამორჩენას უზრუნველყოფს .

მე ( ანუ ჟურნ . III) _ გეთანხმებით , რეფორმის შუა გზაზე შეწყვეტა რომ კატასტროფაა , ამ შედეგს ვიმკით კიდეც . გეთანხმებით არსებული , მაქინაციური მიდგომების კრიტიკაშიც .

ყველაფერში სწორი ბრძანდებით , მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასებსაც , ძირითადი ქონების ლიკვიდურობას , ე . წ . საფონდო ინდექსის სიდიდეს . ამის გამო უკვე გარდაქმნის პროცესში მყოფ ქვეყანას , მთელი ამ პროცესის განმავლობაში შეექმნება გადაულახავი სიძნელეები . რაც უფრო მოკლე ვადაში შევეცდებით ამ პროცესის დასრულებას , მით უფრო დაეცემა ფასები . დარჩენილი საპრივატიზებო ქონების ჩვეულებრივ ფულზე გაყიდვა , ამ პერიოდში , არგაყიდვაზე არანაკლებ დაანგრევს ეკონომიკას . არ გვეთანხმებით , რომ ეს მართლაც ურთულესი , შეუსწავლელი თემაა?

კ . ბ . _ გეთანხმებით , მთავარი კითხვაა , როგორ დაჩქარდეს და დასრულდეს პრივატიზაცია ისე , რომ ამან მკაფიო წარმატება მოგვიტანოს და არა მორიგი გულაცრუება , არ განიავდეს ისიც , რაც დარჩა .

პრივატიზაციის პროცესს ყველა რაღაცის კერძო გამორჩენის დიდი იმედით უყურებს და არც ხელისუფლებაშია მხოლოდ წმინდანები .

თქვენ მეკითხებით _ როგორ გაიყიდოს ქონება შეუფერხებლად და მიუკერძოებლად , ისე , რომ მისი ფასი არ დაეცეს , სამართლიანად მაღალი ფასი მას საუკეთესო აუდიტმა , თვით ბაზარმა დაადოს , სისხლსავსედ ამოქმედდეს გამოცდილი , გამჭვირვალე კორპორაციული მართვის პრინციპები , მესაკუთრეები უკეთესად შეირჩეს , ინვესტიციები მოვიზიდოთ , ტექნოლოგიები განვაახლოთ , დასავლური სტანდარტით კონკურენტუნარიანი გავხდეთ ?

გეთანხმებით , ამისათვის დასამუშავებელია საქართველოში მაკროეკონომიკური გარემოს თვითმოწესრიგების და ფინანსური კრიზისის თვითდაძლევის ( მათ შორის პრივატიზაციის დასრულების ) კონკრეტული , არაორდინალური მექანიზმი . სწორედ ეს თემაა შესაჯერებელი , ოპტიმალურად გადასაწყვეტი და არა ჩვენში ანგაჟირებული , ყურით მოთრეული უსუსური თემები . ამას მართლა პროფესიონალების ჩაჯდომა სჭირდება . მით უფრო , რომ ვიცი , ინტერნეტში , რომელიღაც ვებ - გვერდზე მოვკარი თვალი , ადგილობრივ აზროვნებაში არსებობს ორიგინალური , საყურადღებო და მეტად საინტერესო კონკრეტული მექანიზმიც ანუ თავდაპირველად გასარჩევი მასალა . ისიც ვიცი , ამ პასუხს ელოდით ჩემგანო – გაეღიმა მას .



* * *

პასუხი მესიამოვნა , რაღაც ისევ შეიცვალა სიზმრის სურათი . ნელ - ნელა ივსება დარბაზი ნაცნობი სახეებით , მინისტრები , ექსპერტები , პარლამენტარები , ბავშვებად ქცეულან , ყველანი აქ არიან . სიტუაცია ნელ - ნელა ემსგავსება ცნობილ კლიპს . იწყება ცეკვა - სიმღერა _ თუ გინდა , თუ ეძებ , თუ ინდომებ ბავშვი , თუ , თუ , თუ , თუ სწავლობ , ყველაფერი გამოგივა მაშინ .



* * *

გამეღვიძა , მშვენიერი დილაა , ფანჯრიდან , მეზობლის ტელევიზორიდან , სწორედ ამ კლიპის ხმა ისმოდა სუსტად .

სასწრაფოდ წამოვხტი და ჩავიწერე სიზმარი , არ დამავიწყდეს - მეთქი .

შემთხვევით არაფერი ხდება , ალბათ ვალდებული ვიყავი ასეთი გრძელი სიზმარი მენახა . 

ახალგაღვიძებული _ საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტი , მათემატიკოსი და ეკონომისტი ,

ვანო ჩხაიძე

ვნისი 2004 წელი

© 2009 Designed by T.J