Friday, Sep 10th

Last update07:54:58 AM GMT

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
You are here::

ეკონომიკა გზის გასაყარზე

E-mail Print PDF
There are no translations available.

ეკონომიკა გზის გასაყარზე
კახა ბენდუქიძემ იმედი გააჩინა



გაგვახარა ხელიდან წასული საქართველოს ეკონომიკის იმედად მეტად სოლიდური ფიგურის, ბატონი კახა ბენდუქიძის გამოჩენამ.

სულ მინიმუმ, გაჩნდა იმედი, რომ ქართული ეკონომიკური აზროვნება იმპულსურ - ეიფორიული ბელეტრისტიკიდან, მკაცრი რეალიზმის შესატყვის, პრაგმატულ რელსებზე გადავა.

ბატონი კახას პირველმა ფრაზებმა ეს იმედი გაამყარა.

რა თქვა მან ასეთი საიმედო ?

კმარა მათხოვრობა ! საჭიროა პრივატიზაციის დასრულება !

თითქოს არაფერია ახალი.

თვით ჩვენი, ლოგიკურ ეკონომიკურ ანალიზებს მოწყურებული ტელევიზიებითაც კი, თუმცა ბოლო წლებში ნაკლებად, მაინც არა ერთხელ მოგვისმენია იგივე.

ახალი ისაა, რომ ამ ორ ფრაზას უკვე დიდი ხანია ერთად არავინ ამბობს.

მეტიც, პრივატიზაციის თემა დაძაბულობას იწვევს. ხელგაწვდილი ყოფნა მართლაც არავის სიამოვნებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ დღეს ერთადერთი შველა დაწყებული რეფორმების უმთავრესი ნაწილის, პრივატიზაციის პროცესის დასრულებაშია.

ამ ეტაპზე მართლაც უნდა გაიყიდოს ყველაფერი ნამუსის გარდა.

რა სტრატეგიულ დანიშნულებებზეა ლაპარაკი. ვინ თქვა, რომ თანამედროვე კორპორაციული მართვის საწყისებგამოცლილი, სახელმწიფო კორუფციის ჯუნგლებში შეგდებული ან რკინიგზა, ან პორტი ან ვთქვათ ჯანდაცვის სისტემა, ტექნოლოგიურად დღითიდღე ჩამორჩენილი და განადგურებული უფრო გამოადგება ქვეყანას, ვიდრე იგივე, კორპორაციულ კერძო საწყისებზე, საბაზრო, თვითმართვადი და თვითრეგულირებადი მექანიზმებით, გამჭვირვალედ მართული.

გვეყოფა ბოლოსდაბოლოს ქვეყნის ძირითადი სიმძლავრეებით ქვეყნისა და ხალხის მაგივრად წურბელების კვება.

დროა გავიგოთ, სულაც რომ გავწყვიტოთ წურბელები, სიმძლავრეების სახელმწიფო მართვა შეუძლებელია. უკვე წლები გავიდა რაც ჩვენვე დავშალეთ არა მხოლოდ საგეგმო კომიტეტი, მთელი სისტემა, რითაც მართვა ასე თუ ისე, კიდევ შეიძლებოდა. რაღას ვეპოტინებით, მოსაპარიც თითქმის აღარაფერია, უმარტივეს დასკვნამდე რომ მივიდეთ ბოლომდე უნდა გავნადგურდეთ ?!

მასმედიის შეკვეთილ, სოციალისტურ ტაშ - ფანდურს, ცოტა ჭკუაც უნდა დავაყოლოთ. აი ამ იმედზე ვთქვით დასაწყისში.

მთავარი კითხვაა, როგორ დაჩქარდეს და დასრულდეს პრივატიზაცია ისე, რომ ხალხს არ გაუნიავდეს ის, რაც დარჩა.

პრივატიზაციის პროცესს ყველა რაღაცის კერძო გამორჩენის დიდი იმედით უყურებს და არც ხელისუფლებაშია მხოლოდ წმინდანები.

როგორ გაიყიდოს ქონება მიუკერძოებლად, ისე, რომ სისხლსავსედ ამოქმედდეს გამოცდილი, გამჭვირვალე კორპორაციული მართვის პრინციპები, მესაკუთრეები უკეთესად შეირჩეს, ქონებას ფასი ბაზარმა დაადოს, ინვესტიციები მოვიზიდოთ, ტექნოლოგიები განვაახლოთ, დასავლური სტანდარტით კონკურენტუნარიანი გავხდეთ ?

აი ეს თემაა საფიქრალი და არა ჩვენში ანგაჟირებული, ყურით მოთრეული უსუსური თემები.

იმედით მივესალმებით ბატონ კახას ჩარევას ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების საქმეში. ვუსურვებთ წარმატებას ამ რთულ გზაზე და თან გვსურს გარკვეული ჩვენი ნაფიქრალიც შევაშველოთ. კერძოდ, მაგალითად, დარწმუნებული ვართ, რომ დარჩენილი საპრივატიზებო ქონების ფულზე გაყიდვა დაუშვებელია, არგაყიდვაზე არანაკლებ დაანგრევს ეკონომიკას. ეს მართლაც ურთულესი, შეუსწავლელი თემაა.

ამ თემაზე, ჩვენი მხრივ, ვთხოვთ ბატონ კახას და ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, გამოძებნოს დრო, რათა გაეცნოს ჩვენს ვებ - გვერდს www.vano.com.ge 

მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ, თუ კითხვები წარმოიქმნება.

ვანო ჩხაიძე -მათემატიკოსი, ეკონომისტი
ივნისი 2004 წელი 

© 2009 Designed by T.J