Friday, Sep 10th

Last update07:54:58 AM GMT

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
You are here::

გასცემ შენია

E-mail Print PDF
There are no translations available.

 . . . გასცემ, შენია; . . . არა, დაკარგულია!
(პრივატიზაცია _ ეკონომიკური პოლიტიკის საწყისი სირთულე)

დემოკრატია ანუ ხალხის მმართველობა თუ გვინდა, კერძო საკუთრებაში მეტი ქონება უნდა იყოს. ქონება ნიშნავს ძალას, ძალა კი მართვის აუცილებელი კომპონენტია. 
როცა ქვეყანაში ხალხსა და სახელმწიფოს შორის საკუთრების განაწილების სასურველ პროპორციებზეა საუბარი, აქ ყველაფერი იგულისხმება. ჯარის ან პოლიციის ქონების, ან მთავრობის სასახლის გაყიდვა არავის უფიქრია, მაგრამ აბა წარმოვიდგინოთ ხელისუფლების ავტორიტეტი, მას რომ ვთქვათ `მთავრობის სასახლე~ საკუთრებაში აღარ ჰქონდეს და სტატისტიკის დეპარტამენტიდან ან `შრომის სასახლიდან~ მართავდეს ქვეყანას.
შევარდნაძის შემდეგ სახელმწიფოს ხელში დარჩა ქვეყნის მთელი ქონების დაახლოებით 95%. ამდენი ძალა მეფესაც არ ჰქონდა ერთ ხელში კონცენტრირებული. გარდა მეფისა ქვეყანაში საკუთარ მამულებს და ტყეებს, დიდ ქონებას ფლობდნენ ფეოდალებიც და საზოგადოებაზე მათი ზემოქმედების ძალაც შესაბამისად ნაწილდებოდა.
ძალთა პოსტკომუნისტურ ე.წ. `95%-იანი~ თანაფარდობის პირობებში ხალხის ძალაუფლების ზომა ხელისუფალის ნებაზე, მის გემოვნებაზე და გუნებაგანწყობაზეა დამოკიდებული. უშუალოდ ხალხის ხელში თუ არ იქნა ქვეყანაში არსებული მთელი ქონების ანუ ძალის მეტი ნაწილი, დემოკრატიისაკენ მისწრაფებაზე საუბარი ტყუილია. ამ კონტექსტში საინტერესოა ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი. სახელმწიფოსთან შედარებით მისი ქონება თუმცა ბევრს არაფერს წარმოადგენს, მისგან ახლახან გამოთქმული მცირე უკმაყოფილობაც საკმარისი აღმოჩნდა მთავრობის ყურადღების მისაპყრობად. ქვეყანაში მხოლოდ ბევრი ძლიერი კერძო სუბიექტის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი შეცდომების მიუკერძოებელი შემჩნევაც და გასწორებაც.
ქონება, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს ხელში დარჩეს, ქვეყანაში არსებული მთელი ქონების 25-30 %-ს ალბათ არ უნდა აღემატებოდეს. ეს პროპორცია სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებას ხელი არ შეეშალოს მართვაში, თუ მართვა სამართლიანია.
ახალი ხელისუფლების და პირადად კახა ბენდუქიძის ალბათ უდიდესმა ძალისხმევამ შესძლო უმთავრესი – რეალურად გააცოცხლა პრივატიზაციის ჩამკვდარი პროცესი.
რა ძირითად ნაკლს ხედავს ხალხი ამ დადებით პროცესში?
პირველი მაინც ისაა, რომ სიღატაკის გამო ხალხი ვერ ახერხებს რაიმეს შეძენას.
ქვეყნის უძვირფასეს ქონებას ეპატრონება ჩვენ ქვეყანასთან სათუო დამოკიდებულების ჯგუფები.
ძირითადი ქონება ბაზარზე წესით მთავრობათა ჩარევის გარეშე, თავისითაც უნდა იყიდებოდეს. მიუხედავად ჩვენი მეგობარი ქვეყნების თვით პრეზიდენტების დონეზე უდიდესი ძალისხმევისა და შესაბამის ფორუმებზე მოწოდებისა, პრივატიზაციის პროცესის მეშვეობით ვერაფრით მოხერხდა რეალურ სექტორში სამაგალითო და რესპექტაბელური, თუ საკუთარი ვერა, ისეთი უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რომელნიც თავიანთი რეპუტაციით ცივილიზებულ დასავლეთს ჩვენი სივრცის ეკონომიკურ მიმზიდველობაში დაარწმუნებდა და ინვესტიციების უფრო საიმედო და სასურველ დივერსიფიცირებას უზრუნველყოფდა.
სამწუხაროდ დღემდე, შენიღბულადაც და ღიადაც, პროცესში მკაფიოდ დომინირებს რუსეთის სწორედ ის მცირე, მაგრამ აქტიური ძალები, რომლებიც საქართველოს და ქართველების მიმართ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულში შემჩნეული ნამდვილად არ არიან. მეტიც, პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მათი მხრიდან ზოგჯერ ეკონომიკურზე უფრო, სამომავლო მიზნების სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების სუნი უდით.
დღევანდელი ბაზრის პირობაზე ქონება საკმაოდ ძვირად, შეიძლება ითქვას, მაქსიმალურ ფასად იყიდება, რაც მთავრობის პატიოსნების და გარკვეულ დონეზე პროფესიონალიზმის მიმანიშნებელია. ნათელია ამასთან ისიც, რომ მომავალში, პრივატიზაციის დასრულების შემდეგ, ამავე ქონების საბაზრო ფასი კიდევ მრავალჯერ გაიზრდება. შედეგად ჩვენი ქონების მყიდველები იმაზე ბევრად მეტ სუფთა მოგებას ნახავენ, ვიდრე დახარჯეს და ამ ქონების გაყიდვით მიიღო სახელმწიფომ. ეს, ერთის მხრივ, ჩვეულებრივი მოვლენაა და ამხელა მოგების იმედი რომ არა, უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა არასასურველი მყიდველიც კი არ გაიღებდა ამოდენა თანხებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენთვის, მომავალში, მაინც მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგია.
პროცესში, ოპოზიციის აზრით, გარდა აღნიშნულისა შეიმჩნევა აგრეთვე წინასწარი გარიგებები და შესაბამისი კორუფცია, რაც ყოველთვის გამორიცხული ნამდვილად არაა.
იმისთვის, რომ საფუძველი პროცესის ბოლოს მაინც გამოეცალოს ყველა პრეტენზიას, თუნდაც ამ ბოლო ეტაპზე, მას მერე მაინც, როცა ამოღებული იქნება შეძლებისდაგვარად მაქსიმალური თანხები და დარჩენილი ქონების ადექვატურ ფასებში ისედაც გაჭიანურებული გაყიდვა დროში კიდევ უფრო გაჭიანურდება, ჩვენი რჩევაა, სახელმწიფომ თავის ხალხს დარჩენილი ქონება მაინც დაურიგოს უფასოდ.
მკითხველს ვთხოვ, თავი შეიკავოს უარყოფითი ემოციებისაგან. ამ რჩევის გაგონების შემდეგ ტიპიური რეაქციაა: `ვაუჩერმა ხომ გახსოვთ რაც მოგვიტანა?~ ან `უფასო მარტო ყველია სათაგურში~ ან რაღაც ამგვარი.
ჯერ გავერკვეთ მართლაც რა იყო ვაუჩერი.
საქართველოში საპრივატიზაციო ბარათების ანუ ვაუჩერების ამოქმედების შემდეგ ნებისმიერი ჩინოვნიკი, თვით ქვეყნის პრეზიდენტით დაწყებული, უძლური იყო ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზებისას რომელიმე მყიდველს დახმარებოდა. მაშინ ჩვენთან, საქართველოში, შავი ძალების აღზევების იმ ძნელ პერიოდშიც კი, არავის ძალუძდა მთელს რესპუბლიკაში გაფანტულ 100-მდე მიმღებ პუნქტში გაეკონტროლებინა და ემართა რომელიმე ობიექტის შესასყიდად საჭირო ვაუჩერების რაოდენობა და მითუმეტეს თვით ვაუჩერების შესასყიდი საბაზრო ფასი, რომელიც ხან 3 იყო, ხან 12. არავინ იცოდა მთელი თვის განმავლობაში მარნეულში ან ხულოში, რომელიმე მრავალშვილიანი ოჯახი რომელ ობიექტზე შიტანდა თავის 10 ვაუჩერს. ვერავინ ვერავის შეპირდებოდა ამა თუ იმ ობიექტს ამდენ ვაუჩერად გაყიდინებო ან ამა და ამ თანხაში `ჩაგატევო~. ვერავინ ვერავის შეუქმნიდა ხელშემწყობ გარემოს. ყველაფერს მიუკერძოებელი ბაზარი წყვეტდა.
ეს არ აწყობდა ძლიერთ ამა ქვეყნისა, კარგ და ცნობილ მსახიობს, მეცნიერს, ჟურნალისტს თუ სპორტსმენს, ნებისმიერ საყვარელ ან პირიქით საშიშ პიროვნებას, `თეთრს~ თუ `შავს~, ყველას იმათ, ვინაც საბჭოთა პერიოდში დაჩვეული იყო ნაცნობობით და იაფად, თუნდაც ქრთამის საფასურად პრივილეგირებული პირობებით მიეღო მანქანა ან მაცივარი მაინც. შესაბამისად, მათი მხრიდან, დიდი იყო უჩვეულოდ ხელშემშლელი ამ ინსტრუმენტის თავიდან მოცილების სურვილი.
არა მარტო საქართველოში, ყველა სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაშიც, ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის მეოთხე ხელისუფლება, საზოგადოებრივი `ელიტის~ მხარდაჭერით, ღიად მტრობდა ვაუჩერს. იმ მასშტაბის შავი პიარი, რაც საპრივატიზაციო ვაუჩერს დაატყდა თავს, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში რაიმე სხვა ეკონომიკურ ინსტრუმენტს არ მოსწრებია. ამ პიარ-ფერხულში პოპულარობის ან თანამდებობის მაძებარი ვაიმეცნიერიც ბევრი ჩაერთო. არსით სრულიად უმნიშვნელო ფაქტორების, მაგალითად ვაუჩერის ფასის ულოგიკო მანიპულირებით სხვასაც აბნევდნენ და თვითონაც იბნეოდნენ. რომ არა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის დიდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და როგორც მახსოვს, 40 მილიონი აშშ დოლარის სიდიდის მიზნობრივი გრანტი, ვაუჩერი საქართველოში იმ მიზერული მასშტაბითაც კი ვერ ამოქმედდებოდა. უმცირესი ქონება, მთელის ალბათ მხოლოდ 1% გაიყიდა ვაუჩერზე, მასმედიამ კი ლამის აპოკალიფსის სურათი დახატა და ეს უწყინარი, გარდაქმნების მთელ პროცესში შესაძლოა ყველაზე სუფთა ინსტრუმენტი ლაფში დაუნდობლად და ბოროტად ამოსვარა.
შედეგად ინსტრუმენტის სარგებლობა და მნიშვნელობა სწორად გაცნობიერებული არაა.
თუ `რკინის ლედად~ წოდებული მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებია: `ჩვენ ვერ მივაღწევთ დემოკრატიას, თუ არ მოვახდენთ პრივატიზაციას~, ნობელიანტი ეკონომისტი, უდიდესი მეცნიერი მილტონ ფრიდმენი ამბობდა: _ `პრივატიზაციის ყველა მეთოდებიდან ჩემთან ყველაზე ახლოსაა აქციების არა გაყიდვა, არამედ სახელმწიფო საწარმოების ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის გადაცემა~.
რაიმე სქემით საპრივატიზებო ქონება დღესვე მართლა უფასოდ რომ დაურიგდეს მოქალაქეებს, ხალხის საკუთრებაში 5-ჯერ მეტი ქონება აღმოჩნდება ანუ საშუალოდ თითოეული ჩვენთაგანი უცებ გახდება ხუთჯერ მდიდარი.
რა პრინციპით და სქემით უნდა მოხდეს ხალხზე გასაჩუქებელი ქონების განაწილება?
ყველასთვის მისაღები პრინციპის ან სქემის მოფიქრება შეუძლებელია. მეტიც, ამ პროცესში სრული სამართლიანობა ალბათ არც უნდა ვეძიოთ, ყველა სქემა საბოლოო ჯამში მაინც უსამართლო იქნება. მთავარია შემოთავაზებული გადანაწილება ორიენტირებული იყოს რაც შეიძლება მეტი სუბიექტის გამდიდრებაზე და ყველა ცნობილ სქემასთან შედარებით უფრო სამართლიანად ახდენდეს გადანაწილებას. სასურველია ქვეყნისთვის შედარებით უკეთეს და უფრო პატიოსან მეურნეს აძლევდეს (რადგან ეს მაინც გარდაუვალია) უპირატესობას. ჩვენი ერთი, საკმაოდ ცნობილი და ვფიქრობთ საინტერესო სქემით, მაგალითად, შემოთავაზებულია ამ ქონებით ბიუჯეტში გადასახადის უკეთესი გადამხდელის წახალისება. დეტალურად ჩვენს სპეციალურ წწწ.ბვპ-სყსტემ.გე ვებ-გვერდზე არის საუბარი. შესაძლოა უკეთესი მექანიზმიც არსებობდეს და სასურველია ღია სახალხო ტენდერით ან კონსენსუსით გამოვლინდეს.
პრივატიზაციის პროცესის ხელახალ შეჩერებას თუ გამოვრიცხავთ, ქონების უფასოდ დარიგების ალტერნატივა მისი ფულზე გაყიდვა და ამ ფულით ბიუჯეტის შევსებაა. რა ნაკლი და რა უპირატესობა აქვს ამ მოქმედებას?
ვერ გავექცევით ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ ბიუჯეტი გადასახადებით უნდა ივსებოდეს. გადასახადები ეკონომიკის განვითარების თანაზომიერად ავსებს ბიუჯეტს და ამ საფუძველზე უზრუნველყოფს საბიუჯეტო დაფინანსების და შესაბამისად ცხოვრების დონის მდგრადობას. შესაძლო რყევა, უარეს შემთხვევაში თუნდაც მნიშვნელოვანი პროცენტული კლება, ვერ გამოიწვევს ნგრევას. პრივატიზაციით, დახმარებებით ან ჯარიმებით მიღებული ერთჯერადი შემოსავლები კი არ უნდა წარმოადგენდნენ ბიუჯეტის შევსების წყაროს თუნდაც იმიტომ, რომ მათი ამოწურვის ან რაიმე მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში განათლების, თავდაცვის თუ სამართლის დაფინანსება, მნიშვნელოვანი სოციალური და სახელმწიფო პროგრამები ერთბაშად რჩება ჰაერში. ქვეყანა ინგრევა.
ქონებას თუ იმიტომ ყიდის სახელმწიფო, რომ ფული ბიუჯეტში შეიტანოს და იქედან ისევ ხალხს არგუნოს მისი წილი, მაშინ უკეთესია პირდაპირ ქონების სახით დაურიგოს მათ ეს სიმდიდრე. მით უფრო, რომ ზოგჯერ მყიდველი ქვეყნისათვის არასასურველი სამხედრო პოლიტიკური ნიშნით იკვეთება და იაფადაც აღწევს მიზანს. ამოგებული ფულის დიდი ნაწილი იფლანგება ჩინოვნიკების ხელფასებში და ხალხს კი სიმდიდრე არ ემატება.
ამ პროცესის შედეგად მიღებული და მისაღები თანხებიც არაა მთლად ასტრონომიული. ერთი, მაქსიმუმ ორი მილიარდი დოლარი ის თანხა ნამდვილად არაა, რომლისთვისაც ღირს საკუთარი მოსახლეობის მასობრივ პირად გამდიდრებაზე უარის თქმა. მით უფრო, რომ ეს თანხა და ბევრად მეტიც საკუთარი მოსახლეობის სამეწარმეო აქტივობის და საქმიანობის თვითლეგალიზების ამაღლებით, ბიუჯეტში გადასახადის სახით იქნებოდა ამოღებული!
ქონების უფასოდ გაცემის მთავარ პრობლემად რჩება განაწილების მექანიზმის შერჩევა.
ნებისმიერი მექანიზმის შერჩევის შემდეგ, მოსალოდნელია ბევრმა შემხვედრი ნახევარი ნაბიჯიც არ გადმოდგას გაუნათლებლობის, უნდობლობის ან უამრავი სხვა მიზეზის გამო. ელემენტარულად უარი თქვას მოსვლაზე და თავისი კუთვნილის წაღებაზე.
მიუხედავად ამისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როცა მიზანი იქნება ყველას გაუნაწილდეს ქონება, კარგი ახსნის პირობებში, ყველა თუ არა, ბევრი, ხალხის მთელი რაოდენობის მეხუთედი მაინც შეძლებს სრულფასოვნად ისარგებლოს ხელისუფლებისაგან ბოძებული უპირატესობის სიკეთით, რაც დღევანდელ მონაცემებზე გადაანგარიშებით, სხვათა ინერტულობის გამო უკვე არა ხუთჯერ, თითოეული მათგანის საშუალოდ 20-30-ჯერ გამდიდრებას ნიშნავს.
ძალიან უხეშად და გასაშუალებულად რომ ვიანგარიშოთ, დღეს 2 ოთახის მფლობელი ჩვეულებრივი გონიერი სუბიექტი რაიმე განსაკუთრებული აქტიურობის გარეშე 40-60 ოთახის მფლობელი გახდება, თუმცა, რა თქმა უნდა, `ოთახების~ ნაწილს რამე საწარმოს აქციების, სასაწყობე თუ საოფისე ფართების სახით მიიღებს. ასეთი მკვეთრი და თან კეთილსინდისიერი გამდიდრების ფონზე, თითოეული მათგანი, ძველ პრობლემებსაც გადაფარავს, უკეთეს პირობებშიც განაგრძობს ცხოვრებას და საკმარისი ქონებაც მორჩება იმისთვის, რომ თავისი სამეწარმეო აქტივობა დაიფინანსოს. მათ შორის ვინ კიდევ უფრო გამდიდრდება და ვინ გაღარიბდება, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და ნაწილობრივ იღბალზეც იქნება დამოკიდებული.
თუ ჩვეულებრივ პირობებში პოსტკომუნისტურ ქვეყნებში პრივატიზაციის შედეგად, როგორც წესი, რამოდენიმე ერთეული მულტიმილიონერი იჩეკება, ქონების უფასო გადანაწილებით ჩვენთან ასი ათასობით, დაახლოებით მილიონი აქტიური და ქონებრივად საკმაოდ მდიდარი, საკუთარი, პატრიოტი ინვესტორი შეემატება ქვეყანას.
ბევრი ალბათ უპირატესობის უფლებით ვაჭრობაში ჩაერთვება. ხელისუფლების დემოკრატიული მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საყურადღებოა დიდი ეკონომისტის, რობერტ ლუკასის აზრი: `თუ ადამიანებს აქციების იაფად შეძენის, ხოლო შემდეგ მათი ძვირად გაყიდვის საშუალება ექნებათ, ამ შემთხვევაში ისინი (ანუ ქვეყანაც – ვ.ჩ.) სწრაფად გამდიდრდებიან და მხარს დაუჭერენ არსებულ ხელისუფლებას~
ხალხისათვის ქონების უფასოდ დარიგებას დიდი ეკონომიკური შინაარსი აქვს.
შედარებით რთული გასაგებია, რომ საპრივატიზაციო ბარათი (ჩეკი, საპრივატიზაციო ფული), თავისი ძირითადი დანიშნულებით არა იმდენად ანტიკორუფციული და სოციალური, სწორედაც რომ უფრო ეკონომიკური ინსტრუმენტია, პრივატიზაციის ფონზე და მის სრულ დამთავრებამდე ეკონომიკის შესაძლო ვარდნის შემარბილებელი, მართლაც შეუცვლელი, უებარი საშუალებაა.
ცენტრალიზებული ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლის დროს გარდაუვალი მასობრივი პრივატიზაცია ანუ გასაყიდი ძირითადი ქონების უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბით მიწოდება ბაზარზე (ე.წ. `მიწოდების შოკი~), თავიდანვე იყო ნათელი, რომ გარდამავალ პერიოდში, _ პრივატიზაციის სრულ დამთავრებამდე, _ გამოიწვევდა ქვეყანაში არსებული მთელი ძირითადი ქონების საბაზრო ფასების ე.წ. `სამართლიან~ (ანუ პრივატიზაციის დასრულების შემდეგ მოსალოდნელ) ფასებთან შედარებით დაბლა ვარდნას და შესაბამისად, მეურნე სუბიექტების ფუნქციონირების საფუძვლების დროებით მოშლას.
ამ პროცესის მხრიდან გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკაზე დროებით უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად აუცილებელი გახდა პრივატიზაციის პროცესის ცალკე, მკვეთრად გამიჯნული `დაფინანსება და ხარჯვა~, დამცველი ეკონომიკური ინსტრუმენტის ამოქმედება ანუ რეკომენდირებული იქნა ამ მიზნით საპრივატიზაციო ბარათის (ჩეკის) მიმოქცევაში გაშვება.
ამ მექანიზმით მართლაც ყველაზე სწრაფად შეიძლებოდა და კვლავაც შეიძლება ეკონომიკის რეალური მასშტაბებით ამოქმედება, საფონდო ბაზრის საბოლოო გაცოცხლება და საფონდო ინდექსის რეანიმაციის შემდეგ ეკონომიკური წარუმატებლობის პერიოდის საბოლოო დასრულება.
თემის პოლიტიზირებას ყოველთვის ვერიდებოდით, თუმცა ამჯერად უკვე შეუძლებელია დამალო ამ მიდგომის პოლიტიკური წონა.
მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინმა მოატყუა გლეხები და მუშები მიწის და ფაბრიკა-ქარხნების გადაცემის დაპირებით, ამ ლოზუნგით მოახდინა რევოლუცია. ქონება მესაკუთრეებს წაართვეს და მერე არც გლეხებს და მუშებს მისცეს.
ჩვენი მიდგომა კი პირიქით, სრულ სიმართლეს პირდება ხალხს. მათი შექმნილი ქონების გაუყიდავი ნაწილის მათთვისვე დაბრუნება უფასოდ მოხდება ისე, რომ ქვეყნის ეკონომიკაც მკვეთრად გაუმჯობესდება.
ეს რომ პოლიტიკურმა ძალამ გაიაზროს და გაითავისოს, ნებისმიერ არჩევნებში მის გამარჯვებას წინ ვეღარავინ დაუდგება. მცირე განმარტებაც საკმარისი იქნება, ქვეყნის შიგნიდან ხალხის შედარებით გონიერი და აქტიური ნაწილის, გარედან კი ცივილიზებული დასავლეთის სრული მხარდაჭერის მისაღებად.
ჩემი შთაბეჭდილებით ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დღეს უპირატესად ემოციების ტყვეობაში იმყოფება და ჯერ შორსაა ამ დონის პრაგმატიზმისაგან.
ამ მიდგომის პირველადი გააზრებაც, სრულყოფილი კონსულტაციების ბოლომდე მიღებაც და აღსრულებაც, დღეს, თუ მოინდომა, ვფიქრობ ყველაზე უფრო, მმართველ ძალას ხელეწიფება.

ვანო ჩხაიძე ივნისი 2006 წელი


P.S. _ ცნობილია, ქართველებს ანგარიში არ გვიყვარს, წინასწარ ვიცი ამ წერილის კითხვითაც არავინ შეიწუხებს თავს. საქართველო პოეტების ქვეყანაა. ხოდა, რახან ასეა, რუსთაველს მოვუსმინოთ:
` . . . რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!~_ო !!! ბრძანა მან.
ინტუიცია მაინც არასდროს გვღალატობდა ქართველებს . . . 

© 2009 Designed by T.J